RainBow

Try To Be A RainBow In Someones Cloud : )

მერამდენე ღამეა ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო, ვიდრე ჩემზე
და რომელიც ტუჩებზე დამრჩა,
როგორც ის სიტყვა -
ბავშვობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.

ასეთ დროს მუდამ,
შენ ცხოვრებაში მე ცარიელ ადგილებს ვამჩნევ,
რომლებიც გვანან
სიტყვებს შორის დატოვებულ სიცარიელეს,
ერთმანეთთან რომ
აკავშირებს
და თან აზრს აძლევს.

განა არის შენ ცხოვრებაში
რაიმე მეტი
გამოტოვებულ ადგილებზე?
იმ ცარიელ ადგილებზე,
რომლებსაც სახლში ანაწილებ
და ინახავ: ჭიქებში, სხვენში
ქვედა უჯრებში,
მაცივარში, საყვავილეში
და საწოლის მეორე მხარეს.
მე ვლაპარაკობ იმ ცარიელ ადგილებზე,
არავის რომ არ ეკუთვნიან
და თვალების დახუჭვიდან გახელამდე
რომ გეპარება.
რომლებსაც ტოვებ ნაბიჯებს შორის
და რომლებიც გაკავშირებენ დროით სივრცეში
საკუთარ თავთან.

მერამდენე ღამეა ვდგები
და საკუთარ თავს ვუდასტურებ,
რომ ქუჩები დადიან ჩვენში,
რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ,
რომ საკვები გვჭამს,
რომ წყალი გვსვამს,
რომ მზეს ჩვენ ვათბობთ.
რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას
ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის,
რომ ჩვენთვითონ ღამიდან მთვარე
ამოგვყავს - როგოც რძიდან ყველი
და ვანახევრებთ,
უფრო სწორედ ვინახევრებთ -
ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს ვექცევით,
როცა სხვას ვხვდებით და როცა გვიყვარს

ერთი შეხედვით უმიზეზოდ მოდის თოვლი
და იკავებს ცარიელ სივრცეს.
შენ სახეზე გეცემა ჩრდილი,
ხელებს უკან წევ
და ყველგან ამჩნევ ამ შევსებულ სიცარიელეს.
სადაც ადრე გზა გეგონა,
სადაც ადრე გეგონა ხიდი,
სადაც ხე იდგა
და ბოძებს შორის სადენები ეგონათ ჩიტებს.

და ამ დროს ჩნდება
ის კაცისხელა სიცარიელეც-
ზუსტად შენს გვერდით,
რომელსაც ჩემი სახელი ერქვა.
და რომელიც თოვლმა შეავსო.

მერამდენე ღამეა უკვე
თავს ვიმძინარებ,
და ჩემი თავი მადგება თავზე,
როგორც ეჭვებით შეპყრობილი საყვარელი,
რომელიც ცდილობს ჩემ გამოტეხვას.

მერამდენე ღამეა
ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო ვიდრე ჩემზე.

და ვერაფრით ვეღარ ვაჯერებ.

სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,
ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, _
მე ვხმები,
შენ ხმები,
ის ხმება
და მაინც ყვავილობს სამყარო.

ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,
ვიწვით და ღუღუნებს კერია, _
მე ვმღერი,
შენ მღერი,
ის მღერის...
თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.

მღერიან... სიმღერით მკვიდრდება
სული და ვიშუშებთ იარებს, _
მქუხარე მსოფლიო მშვიდდება.
და მაინც მსოფლიო ღრიალებს

და მყარი ოცნების ქვიტკირი
ირღვევა... დუღაბი მწირია...
მე ვტირი,
შენ ტირი,
ის ტირის...
თურმე ტრომბონები ტირიან.

ცივდება ვულკანურ ნოტების
ლავა და... მაესტრო ისჯება...
ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით
მე ვრჩები,
შენ რჩები,
ის რჩება...

და როგორც მშიერი ობობა,
ცა იცდის... დიდია ცის ძალა, _
ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,
მე წავალ,
შენ წახვალ,
ის წავა!

ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით,
თუმც წასვლა ძალიან ძნელია, _
მე მელის,
შენ გელის,
მას ელის
დიდი გზა... ღმერთები გველიან!




აქედან, ალბათ, რომელიმე უნდა გავიდეთ.
ეს დერეფნები ისე ვიწროა
და ოთახებში წყალი ჩამოდის.
წესით, ზამთრამდეც ვეღარ მივატანთ,
დიდთოვლობაზე ლაპარაკობს მოსახლეობა.
ყველა ფანჯარა ჩამსხვრეულია,
ხოლო საღამოს უცხოები გვითვალთვალებენ,
პროჟექტორივით გვანათებენ საკუთარ შიშებს
მღვრიე სივრციდან.
ასეთ დროს გასვლა ადვილია ძველი სახლიდან,
ნების გარეშე რომ დავსახლდით,
ერთმანეთისთვის არც კი გვიკითხავს გვსურდა თუ არა
გაყოფილი ტერიტორია ერთად დაგვეცვა.
ერთად დაგვერგო ხეები ბაღში,
რომლებიც მერე თმას გაიზრდიდნენ,
წყალს მოითხოვდნენ და
ერთმანეთზე მიჩვეულნი ტყეს დაბადებდნენ.
ჩვენ გვექნებოდა ჩვენი ხეები
და სიფხიზლისას ერთმანეთის სიზმრებს ვნახავდით
მათ სქელმერქნიან მუცლის ღრუებში.

ჰო, ამ სახლიდან რომელიმე უნდა გავიდეს.
ორივემ ვიცით, დაბრუნების ყველა სინდრომი
კარზე დავტოვეთ შავ-თეთრ ლაქებად
მდებარეობა რომ არ შეგვშლოდა,
რადგან გარედან ყველა კერა ერთნაირია.

და ჩვენ ორიდან რომელიმე უთუოდ წავა.
გზები თავისით მოგვძებნიან;
არ დაგვჭირდება უაზროდ დგომა გაჩერებაზე.
ხოლო ერთ-ერთი, ამ ოთახის შუაში მყოფი,
მიხვდება როგორ გაიზრდება კილომეტრები
სახლის კარიდან აჩქარებულ ნაბიჯებამდე.
მაგრამ ხომ ხედავ, რომ ყველა გზა მოყინულია...
და ამ სახლიდან დღეს ვერცერთი ვერ გავალთ გარეთ.
მე კარს ჩავკეტავ,
შენ ფანჯრები ამოაშენე!