თუ...

თუ ძალგიძს, დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე

და არ დაიბნე, როცა თავგზა ებნევა ყველას,

თუ ძალგიძს სიმხნედ, შემართებად და რწმენად იქცე,

როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა;

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,

ცრუს, გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,

მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდო მალე

და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი,-

თუ შეგიძლია სულში მარად ოცნება რეკდეს,

მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,

გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე

და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;

თუ შეგიძლია აიტანო, სიმართლე შენი

ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,

იხილო ერთ დღეს დანგრეული, სიცოცხლის დღენი

რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად,-

თუ შეგწევს ძალა, მაგიდაზე დაყარო ჩალად

რაც გაგაჩნია, გიშოვნია ოფლით და სისხლით,

წააგო წყნარად, წაგებული ჩათვალო არად,

იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით;

თუ შეგწევს ძალა, წარბი შეჰკრა, მოთოკო გული,

,ოუხმო ნერვებს , გამაგრდე და ივარგო ასწილ-

ეს მაშინ, როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს

ნებისყოფაღა გეუბნება: "წინ მეთქი! გასწი!"

თუ შეგწევს ძალა, ბრბოში იყო და დარჩე კაცად,

მეფეებს ახლდა და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი,

შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად,

მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღლი;

თუ შეგწევს ძალა, გაიაზრო ყოველი წუთი,

აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,

მაშინ შენია, შვილო ჩემო, ეს მიწის ბურთი,

ადამიანიც მაშინ გქვია, და გერქვას - ამინ!