მერამდენედ, კედელზე ვაჭედებ ცას

და ვუბარებ, რომ არსად წავიდეს -

ვიპოვი - მოვკლავ.

და მაინც ყოველ დილით

ცა მეპარება თითებს შორის

და სადღაც მიდის.

ეგ არაფერი.

დავაბრალოთ დაუდგრომლობას,

მომთაბარე სხეულის ლტოლვას,

და დავივიწყოთ.

უკვე მერამდენედ ვკარგავ ჩაის კოვზს

და აღმოვაჩენ აივანზე,

გამზადებულს გადასავარდნად.

ეგ არაფერი.

მივეჩვიე თვითმკვლელ საგნებს

და ამ საგნების ჩემდამი მიუჩვევლობას.

მერამდენედ მიჯიუტდება დრო და

საკუთარ ნაღრძობ ბუნებას ავლენს,

საათის ისრებს ატრიალებს უკან და - ტირის.

ეგ არაფერი.

მივეჩვიე დაკომპლექსებულ ცნებებს,

რომლებსაც საკუთარი განსაზღვრება აშინებთ.

მერამდენედ ვეძებ საკუთარ სხეულზე ხალს

რომელიც ერთხელ აღმოვაჩინე

და მას მერე აღარ მინახავს.

ეგ არაფერი,

მივეჩვიე საკუთარ სხეულს,

ბავშვობიდან ამას ვცდილობდი.

მერამდენედ ვეძებ კარს,

საიდანაც სიბნელე მოჩანს

და მერამდენედ ვპოულობ,

მაგრამ ვერ გამიღია.

ეგ არაფერი.

მივეჩვიე, რომ გასაღები ყველაფრის -

არ მაქვს.

მერამდენედ გავდივარ სახლიდან მარტო

ისევ უმიზნოდ სახეტიალოდ.

ეგ არაფერი.

მივეჩვიე, რომ ჩემს მიზანს უმიზნოდ თვლიან.

მერამდენედ ვეძებ შენში მეოთხე განზომილებას

და მერამდენედ ვპოულობ.

მიკვირს, რომ დღემდე ვერ მივეჩვიე.