ქალო, სირცხვილია,

შინ შედი... ჰაერი

ურცხვად გეხება და გლოკავს....

ქალო, ეგ ღიმილი, ჯოკონდასნაირი,

ვიღაცას ქუჩაში მოკლავს.

ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს,

ვნებამორეული გსინჯავს....

ქალო, სირცხვილია,

ყელს როგორ იღერებს

მაგ სავსე გულ-მკერდში ჭინკა...

როგორ გსვამს ეშმაკი ურქო და უკუდო

ბადაგით პირსავსე ფინჯანს...

ქალო სირცხვილია,

დახარე ქუთუთო,

შიშველი თვალები გიჩანს!