RainBow

Try To Be A RainBow In Someones Cloud : )


გემუდარები, გამიღე კარი.
სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა,
მე მოგიტანე ახლა პეშვებით,
გემუდარები, კარი გამიღე!
ასე ადვილად ვერ შევეშვები
დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს
და რწმენისა და იმედის ლოდებს
ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას.
...სისულელეა ჯიუტი ღობე
ყინულოვანი, თეთრი თითებით,
მე თუმცა მთვარის სატრფოდ ვითვლები,
მაინც მთავარი დავტოვე შენთან -
უბავშვურესი სულის მითები
და მოყვავილე სინათლე ფერთა...
და ახლა სიტყვა მომაქვს პეშვებით,
რომლითაც უნდა გადავარჩინო
შენს სულში თითქმის გახუნებული
ჩემი თითების ანაბეჭდები,
სავსე ვარ შენი დიდი სურვილით
და სურვილს იქით არ ვიხედები.

გემუდარები, კარი გამიღე.


ხომ არის ხოლმე
რაღაც ისე ჩვეულებრივი
როგორც სიმშვიდე
გაზაფხულის წვიმების პირას –
ზურგს უკან მხოლოდ
მიხურული კარის სითეთრე
ფანჯრის რაფაზე
იმედებით სავსე ქოთანი –
თუ დაივიწყებ
სამუდამოდ გეცოდინება
რომ არის რაღაც –
უმიზეზოდ შეუძლებელი.


საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს,
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად,
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს!
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო სწუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს,
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!!!!
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ...
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!





მე შენ მიყვარხარ, ისე კი არა
ხალხმა რო იცის,
ანდა წიგნებში როგორც სწერია,
მიყვარხარ ისე, როგორც იციან
ტყის მოჭიკჭიკე ცის ფრინველებმა.

ისე მიყვარხარ, როგორც იციან ტყის ფრინველებმა
ისე კი არა, ხალხმა რო იცის
ანდა წიგნებში როგორც სწერია.

მიყვარხარ, როგორც ღვთისმშობლის ფიცი,
შენი ცხოვრება გულის მწველია.
ისე კი არა, ხალხმა რო იცის
ანდა წიგნებში როგორც სწერია...



დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..



საღამოს, როცა ჩადგება სიცხე

და მიწა მოღლილ წამწამებს ნაბავს,

ყველა ხე თავის ენაზე იწყებს

სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.

მარად მშფოთვარე ვერხვები ბჭობენ,

სადღაც მელექსე ჭადარი ღელავს,

ნაძვი, ქალივით მომდგარი ღობეს,

ჩემს ფანჯარაზე ანიშნებს თელას.

ტირის ტირიფი. ტოტების ქნევით

მუხლმოდრეკილი ბუჩქები წუხან,

გუგუნებს ბაღი და როგორც ქვევრი

ყველას ბანს აძლევს მოხუცი მუხა.

გზის პირას, მწკრივში, ალვები დგანან

და კენწეროებს არხევენ უხმოდ,

თვალს ლულავს მიწა და როგორც ნანა

ნიავი ყველას ძილისკენ უხმობს...

საღამოს, როცა ჩადგება სიცხე

და როცა მთები იცვლიან კაბას,

მეც ჭადარივით სიმღერას ვიწყებ -

სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.



ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,

მშვენიერებას აყვავენენ გაშლილ ვარდებად,

მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,

დროის ხელითვე იღუპება და სამარდება.

უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი,

ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,

ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,

ოდესღაც მწავე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად.

მაგრამ ზამთარშიც არ მოკცდება ჭრელი ზაფხული,

და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,

თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული,

როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.

იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები,

ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.


ეს რა უცნაური ოინი მომიწყვეს მეგობრებმა,

მეზობლებმა,ახლობლებმა,

უბრალო ნაცნობებმა:

მისალმებაზე,მოკითხვაზე,თუნდაც ღიმილზე,

ან გაოცებით მხრებს იჩეჩავენ,

ან ერთნაირად მპასუხობს ყველა:

,,უკაცრავად,

ალბათ სხვაში შეგეშალეთო...,,

ზოგი ნაბიჯსაც არ შეანელებს,

ისე ჩამივლის,არც შემომხედავს.

მე კი მაცვია ისევ ის პალტო,

მიკეთია ისევ ის კაშნე,

თავზე მახურავს ჩემი ერთგული ვარცხნილობა,

არცერთი ჩვევა არ შემიცვლია,

და,ერთი სიტყვით,

სულ არა ვარ ძნელი საცნობი

მაგრამ ჩემს სიტყვებს არც კი უსმენენ,

მიბრუნებენ გაურკვეველ საშინელ ღიმილს,

მე კი,

მე მაინც ვერ ვიჯერებ,

რომ ყველას ასე ერთნაირად,

და ერთდროულად დავავიწყდი...

აი,ამიტომ შევარჩიე ეს ვიწრო ხიდი,

აქ ყველამ უნდა გაიაროს.

ჰოდა,მეც ვდგავარ ხიდის თავში

და ყველა გამვლელს საყვარელ ნივთებს,

ბავშვობისა თუ ბავშვობის შემდომ

შავ-თეთრსა თუ ფერად ფოტოებს

იმედიანი ხელით ვურიგებ-

არ შეიძლება,

არ შეიძლება,

არ შეიძლება

ვინმემ მაინც არ გამიხსენოს...


არ გამიმართლა ცხოვრებაში, გავჩნდი და ვკვდები.

ხან ფრთები მადგას ანგელოზის, ხან კიდევ რქები,

ყურს აღარ ვუგდებ რას ამბობენ ამაზე სხვები,

მე ხომ ისედაც სულ ყველაფერს ნელ-ნელა ვხვდები.

მიექანება ცხოვრება ჩემი სიზმრისკენ თითქოს

და ეს სიზმარი ვიცი, სულაც არ არის კარგი,

ცუდი ძაფებით შევიკერე სულის სამოსი,

ხასიათისაც ალბათ ცუდი ავიღე თარგი.

დანაცრებულა გულში ცეცხლი მომდევნო წამის,

გარეთ კი ჩუმად სილამაზე, ყვავილი ყვავის,

ბევრჯერ ვეცადე აღმედგინა ჩემს სულში ბზარი

როცა მესმოდა როგორ რეკდა ტაძარში ზარი.

უგნურებაა იმისი თქმა რასაც განვიცდი,

მაგრამ ვერ ვუძლებ მე და გტოვებთ, ვტოვებ ცხოვრებას.

ადამიანი მაშინ კვდება, როცა ატყუებს

თან სხვას კი არა, თვით საკუთარ გულს და გონებას.

About this blog

Blog Archive