RainBow

Try To Be A RainBow In Someones Cloud : )

მერამდენე ღამეა ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო, ვიდრე ჩემზე
და რომელიც ტუჩებზე დამრჩა,
როგორც ის სიტყვა -
ბავშვობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.

ასეთ დროს მუდამ,
შენ ცხოვრებაში მე ცარიელ ადგილებს ვამჩნევ,
რომლებიც გვანან
სიტყვებს შორის დატოვებულ სიცარიელეს,
ერთმანეთთან რომ
აკავშირებს
და თან აზრს აძლევს.

განა არის შენ ცხოვრებაში
რაიმე მეტი
გამოტოვებულ ადგილებზე?
იმ ცარიელ ადგილებზე,
რომლებსაც სახლში ანაწილებ
და ინახავ: ჭიქებში, სხვენში
ქვედა უჯრებში,
მაცივარში, საყვავილეში
და საწოლის მეორე მხარეს.
მე ვლაპარაკობ იმ ცარიელ ადგილებზე,
არავის რომ არ ეკუთვნიან
და თვალების დახუჭვიდან გახელამდე
რომ გეპარება.
რომლებსაც ტოვებ ნაბიჯებს შორის
და რომლებიც გაკავშირებენ დროით სივრცეში
საკუთარ თავთან.

მერამდენე ღამეა ვდგები
და საკუთარ თავს ვუდასტურებ,
რომ ქუჩები დადიან ჩვენში,
რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ,
რომ საკვები გვჭამს,
რომ წყალი გვსვამს,
რომ მზეს ჩვენ ვათბობთ.
რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას
ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის,
რომ ჩვენთვითონ ღამიდან მთვარე
ამოგვყავს - როგოც რძიდან ყველი
და ვანახევრებთ,
უფრო სწორედ ვინახევრებთ -
ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს ვექცევით,
როცა სხვას ვხვდებით და როცა გვიყვარს

ერთი შეხედვით უმიზეზოდ მოდის თოვლი
და იკავებს ცარიელ სივრცეს.
შენ სახეზე გეცემა ჩრდილი,
ხელებს უკან წევ
და ყველგან ამჩნევ ამ შევსებულ სიცარიელეს.
სადაც ადრე გზა გეგონა,
სადაც ადრე გეგონა ხიდი,
სადაც ხე იდგა
და ბოძებს შორის სადენები ეგონათ ჩიტებს.

და ამ დროს ჩნდება
ის კაცისხელა სიცარიელეც-
ზუსტად შენს გვერდით,
რომელსაც ჩემი სახელი ერქვა.
და რომელიც თოვლმა შეავსო.

მერამდენე ღამეა უკვე
თავს ვიმძინარებ,
და ჩემი თავი მადგება თავზე,
როგორც ეჭვებით შეპყრობილი საყვარელი,
რომელიც ცდილობს ჩემ გამოტეხვას.

მერამდენე ღამეა
ვდგები
და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,
რომელიც შენზე უფრო იყო ვიდრე ჩემზე.

და ვერაფრით ვეღარ ვაჯერებ.

სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,
ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, _
მე ვხმები,
შენ ხმები,
ის ხმება
და მაინც ყვავილობს სამყარო.

ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,
ვიწვით და ღუღუნებს კერია, _
მე ვმღერი,
შენ მღერი,
ის მღერის...
თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.

მღერიან... სიმღერით მკვიდრდება
სული და ვიშუშებთ იარებს, _
მქუხარე მსოფლიო მშვიდდება.
და მაინც მსოფლიო ღრიალებს

და მყარი ოცნების ქვიტკირი
ირღვევა... დუღაბი მწირია...
მე ვტირი,
შენ ტირი,
ის ტირის...
თურმე ტრომბონები ტირიან.

ცივდება ვულკანურ ნოტების
ლავა და... მაესტრო ისჯება...
ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით
მე ვრჩები,
შენ რჩები,
ის რჩება...

და როგორც მშიერი ობობა,
ცა იცდის... დიდია ცის ძალა, _
ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,
მე წავალ,
შენ წახვალ,
ის წავა!

ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით,
თუმც წასვლა ძალიან ძნელია, _
მე მელის,
შენ გელის,
მას ელის
დიდი გზა... ღმერთები გველიან!




აქედან, ალბათ, რომელიმე უნდა გავიდეთ.
ეს დერეფნები ისე ვიწროა
და ოთახებში წყალი ჩამოდის.
წესით, ზამთრამდეც ვეღარ მივატანთ,
დიდთოვლობაზე ლაპარაკობს მოსახლეობა.
ყველა ფანჯარა ჩამსხვრეულია,
ხოლო საღამოს უცხოები გვითვალთვალებენ,
პროჟექტორივით გვანათებენ საკუთარ შიშებს
მღვრიე სივრციდან.
ასეთ დროს გასვლა ადვილია ძველი სახლიდან,
ნების გარეშე რომ დავსახლდით,
ერთმანეთისთვის არც კი გვიკითხავს გვსურდა თუ არა
გაყოფილი ტერიტორია ერთად დაგვეცვა.
ერთად დაგვერგო ხეები ბაღში,
რომლებიც მერე თმას გაიზრდიდნენ,
წყალს მოითხოვდნენ და
ერთმანეთზე მიჩვეულნი ტყეს დაბადებდნენ.
ჩვენ გვექნებოდა ჩვენი ხეები
და სიფხიზლისას ერთმანეთის სიზმრებს ვნახავდით
მათ სქელმერქნიან მუცლის ღრუებში.

ჰო, ამ სახლიდან რომელიმე უნდა გავიდეს.
ორივემ ვიცით, დაბრუნების ყველა სინდრომი
კარზე დავტოვეთ შავ-თეთრ ლაქებად
მდებარეობა რომ არ შეგვშლოდა,
რადგან გარედან ყველა კერა ერთნაირია.

და ჩვენ ორიდან რომელიმე უთუოდ წავა.
გზები თავისით მოგვძებნიან;
არ დაგვჭირდება უაზროდ დგომა გაჩერებაზე.
ხოლო ერთ-ერთი, ამ ოთახის შუაში მყოფი,
მიხვდება როგორ გაიზრდება კილომეტრები
სახლის კარიდან აჩქარებულ ნაბიჯებამდე.
მაგრამ ხომ ხედავ, რომ ყველა გზა მოყინულია...
და ამ სახლიდან დღეს ვერცერთი ვერ გავალთ გარეთ.
მე კარს ჩავკეტავ,
შენ ფანჯრები ამოაშენე!


მიყურებ და ისევ, არ იცი, რა მითხრა,
დღეს ჩვენი სახლიდან ისმოდა სტრავინსკი,
მოდი, გავმარტივდეთ და პირველ საკითხად
შენ ალბათ ჩაი და მე ყავა დამისხი.

მერე, ჩვეულებრივ თვალები დახარე,
ხომ იცი, შენს დახრილ თვალებზე ვგიჟდები,
ისე, რომ ერთ წამსაც ვერ ვითმენ, ახლავე,
სულ უფრო მეტად და საშინლად მინდება

მაგ შენი თვალების დახრილი სიგიჟე,
მაგ შენი თითებით დაკრული მაჟორი,
და ვხვდები, ნერვებმა ბოლომდე მიმიშვეს
და სისხლმაც დახეთქილ ძარღვებში გაჟონა.


.. ბავშვურ შეკითხვების პასუხს
ველოდები,
ფეთქავს გაზაფხულის თოთო
მისტერია,
ჩემი სურვილი და გოგო
მეზობელის,
ვხვდები ამ ბოლო ხანს ერთად
იზრდებიან.

სიცხეც ბეჭით დამაქვს როგორც
განაჩენი,
ნენე დაწრიალებს დოქით
ოწინართან,
რაღა საჯანდაბედ წერა
ავიჩემე,
წლები გამირბიან...
ახლა ოცის ვარ და -

უნდა დამიჯერო
ცაა ცინიკოსი,
გატყდა გამთენია,
მარტის ოცდაორი,
წვიმის ბრავისიმო კვდება
ალიონზე,
ჰოდა დავწერე და
ანუ მომაგონდი......


ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –

სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და... -

რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები.


მახსოვს ვკითხულობდი მხოლოდ შენს წერილებს,
ადგილს არ ვუთმობდი ჩემს გულში სხვას,
ვარდებს ვუყვებოდი შენზე ნანახ სიზმრებს,
შენზე ვეჩურჩულებოდი ჩუმად ცას,
მახსოვს არ მინდოდა არავის მოსმენა,
და ველოდებოდი მხოლოდ შენს ზარს,
როგორ ხარ? კარგად! ძალიან მომენატრე,
მერე მზე მოჰყვებოდა გულში შენს ხმას,
შენ ხარ ჩემი გულის მზიანი ამინდი,
გპირდები ამ სიტყვებს არ ვეტყვი სხვას,
ალბათ გენატრები, შენც ფიქრობ ჩემზე,
ჩემს თავს გახსენებს მთვარე და ცა,
მერე ფიქრში რომ ჩაგეძინება,
ჩემს ნაცვლად თვალებზე გაკოცებს სხვა,
დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო!
ჩემს ნაცვლად ყურში ჩაგჩურჩულებს სხვა.

სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი,
შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით,
რამეს რომ გაძლევენ--კარგია!

არაფრად არ გინდა შენ ჩემი ალერსი,
სხვისიც არასოდეს გაკლია,
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით,
რომ გეფერებიან კარგია!
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ --კარგია!


ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,
მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.
მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.
მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებ
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.
და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.
ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით




ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,

ტკივილი ცოტახნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.

შემივსე საგულე ცარიელი
და, ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.

არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.

ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.

და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი, კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:
მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!

ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს
და როგორც ვეება სალამური
ოთახში აკვესებს საგალობლებს.

ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.

თავზე ცა მემღვრება შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე, შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.

ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი.


მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

(მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს).

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ჰყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
ჰკიდია შენი ლამაზი კაბა.


მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.


კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.


ვარსკვლავად მექცა... და შენს გამოა, მარტო რომ ვზივარ. აი, მსახურებს აკრობატების ბადე გამოაქვთ. ცირკში ყველაფერს ხსნიან მარტივად. მე კი, რაც ვნახე, ისიც მეყოფა. მეც ხომ გაფრენილ აკრობატივით ჩემი სიცოცხლე ვანდე მეგობარს. ის კი სხვა სკამზე გადაჯდა მაშინ, როცა გასროლილ ქვასავით სწრაფად მივქროდი მისკენ და ხალხიც ტაშით მაჯილდოვებდა. თვალი კი საფარს და ხელჩასავლებ ადგილს ეძებდა, მაგრამ ამაოდ. და ჩემი ქროლვა შეწყდა შიშისგან დამფრთხალ მხეცებთან და კლოუნებთან. მაგრამ მე დრო მაქვს, რომ ყველაფერზე ვიფიქრო კარგად, ვიფიქრო სწორად, დიდხანს და მშვიდად. ვიპოვო თავი და რასაც ვკარგავ, მთლიანად გაქრეს ის ჩემი ციდან.


ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
უცახცახებდა პატარა მხრები.
გარეთ კი თვითონ ბუნების ნებით,
თავგანწირულად დნებოდა თოვლი.

ჩნდებოდა მიწა, სველი და შავი,
როგორც დაწრეტილ მდინარეს ფსკერი.
და ხეებს, თუმცა არ ედოთ ფერი,
მაინც ამაყად ეჭირათ თავი.

ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით,
ხოლო მუსიკა, ქარივით ლაღი,
ჭაღს აწყდებოდა და დიდი ჭაღიც
თრთოდა მუსიკის უცნაურ თრთოლვით.

ირგვლივ უძრავად ისხდნენ სტუმრები,
და სტუმრებისთვის უხილავ ცაში
მსუბუქი ფრთებით მიქროდა ბავშვი
და სხეულს ვეღარ გრძნობდა სრულებით.


ასე გამოდის ცხოვრებაში. სიყრმიდანვე იხეტიალებს სიძვის დამრეცილ ბილიკებზე ვაჟი, მერე უცილობლად მას უნდა წაეპოტინოს, ვინაც ისე სპეტაკია, როგორც თოვლი როშკას მწვერვალის, ვინაც ისე შეურყვნელია, როგორც ველის ყაყაჩო...


10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე


ერთი ტკივილი არ კმარა თურმე,
უნდა წარსულთან დუელში მოკვდე,
მხრებზე დაჭრილი ფრთებით სიარულს
იქნება სულაც უფრთობა სჯობდეს.
იქნებ არ ღირდეს ამდენ წვალებად,
მაინც არა ჰყავს ამ ლექსს მკითხველი,
იქნება სჯობდეს გარდაცვალება...
იქნებ სიკვდილში ვიყო პირველი.
მაინ ჯიუტად ვტკეპნი სტრიქონებს,
ბოლო ბილიკი მაინც ჩემია,
თუკი ქალღმერთის არ მაქვს იერი,
სული ხომ ბავშვის შემომრჩენია.
კვლავ თავდახრილი დავალ თქვენს შორის,
თქვენ ისევ ვერ ცნობთ ცისფერ გენიას,
მე სხვა სივრცეებს ვეპოტინები,
თქვენ კი ჯიუტად მარქმევთ თქვენიანს.
ეს სინანული არ კმარა თურმე,
უნდა ლექსებტან დუელში მოკვდე,
დაკოდილ ფრთებით უფსკრულზე ფრენას
იქნება სულაც უფრთობა სჯობდეს


მომნატრებიხარ,როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია,

იმ მონატრებით_რუსთაველს რომ მოუგონია.

მომნატრებიხარ,ვით ზამთარში სითბო მაისის

და ცხელ აგვისტოს საამური,გრილი დაისი.

მომნატრებიხარ,აღარ ვიცი რას შეგადარო,

მენატრები და მონატრებით მინდა გატარო.

როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატრება,

დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად.

მე მინდა შენთან,როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან,

ისე მჭირდები,როგორც ავდარს გამოდარება.

უკვე იქ გეძებ,სადაც არ ხარ და ვერც იქნები

და მენატრები,როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები.

მომლანდებიხარ,გულში დარდად მომძალებიხარ,

როგორც არასდროს,ისე ძლიერ მომნატრებიხარ


ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია-მაპატიე.
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი, ვისავით უმწეო ვარ.
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები.
მევე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა.
იქნებ გამახსენო? გამახსენე!
ყველაფერი თავიდან ამიხსენი.
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი,
უფალო მე კი არა- შენ იყავი.


როგორც საოცრების ცნების ამომხსნელი,
მოვა დეკემბერი თეთრი სამოსელით.
და მეც ჭრილობებით, ფრთებით შესახვევით
მოვალ ბაგა-ბაგა შენთან შესახვედრად.
მომაქვს ცარიელი სიტყვის სახელოსნო,
შენ კი წიგნები და ფიქრში ანგელოსი.


მშვიდობით, მშვიდობით, კმარა!
მომბეზრდა ტკბილიც და მწარეც,
დე, სხვისთვის იქროლოს ქარმა,
დე, სხვისთვის ანათოს მთვარემ.

მე უკვე ჩავკეტე კარი,
სხვა კაცად ვიქეცი თითქოს,
ძაღლივით დავტოვე გარეთ,
რაც იყო, რაც უკვე იყო.


მეკითხებიან ნაცნობნი:
გულს რად გატყვია იარა,
ცოცხალი, რომ ვარ გიკვირდეთ,
გულის წყლულები კი არა.

ფიქრთა ამდენა ტრიალში,
ვეღარა გამიგია რა.
ეს არის წყლულის მიზეზი,
გულამან დამიზიანა.

ფიქრებმა მასვეს სამსალა,
სიკვდილმაც დაიგვიანა,
თენების სიომ დაჰბერა,
ფოთოლმა დაიშრიალა.

არა მშველს, მარტო ფიქრები,
არა სჩანს გამოსავალი,
ვერ მოვიცილე საგონი,
გზა ვერ ვიპოვე სავალი.

ვიღაცამ შორით მიძახა,
დაგიფასდება გვიანა,
აქით რო გაგისტუმრებენ,
მიწას, რო მოგაყრიანა!


სიკვდილი მგლოვიარეა,
მე წამიყვანს და შენ არა.
მიწით იფარავს სახე ტანს,
მე დამეყრება, შენ არა.
გამომეტირა ღრუბელი,
მე დამაწვიმა, შენ არა.

ვარსკვლავნი, სულის სანთლები,
მე მიქრებიან, შენ არა.
სიკვდილმა გლოვის პერანგი,
მე გამიმზადა, შენ არა.
სიცოცხლეს, ლამაზ გაზაფხულს,
მე დავავიწუდი, შენ არა.

სიკვდილი გონიერია,
მე მომინატრებს, შენ არა!


მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.

მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.

მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ, სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს.


უკვე მოგონება მივეც ანათემას,
უკვე დავივიწყე შენი სუსტი ტანი,
ღამის მარტოობას ისევ ანათებდა
ქუჩის მოწყენილი, სველი შუქნიშანი.

დავთმე სიყვარული, მაინც არ მეძინა,
თითქოს მომყვებოდნენ ძველი აკორდები,
მერე ჩემს გრძნობებზე ცივად გამეცინა,
მივხვდი, აღარასდროს აღარ გავლოთდები.

ქუჩა სიბნელეში, თითქოს ნახაზია,
როგორ იცვლებიან სახლთა ფიგურები,
ყოფნა უშენოდაც ისე ლამაზია,
შენკენ, დამიჯერე, აღარ ვიყურები.



მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
მამას იქნებ შია, მაგრამ იცის,
ოჯახს უფრო წაადგება ჭამა
და მშიერი მიაშურებს მიწის-
ქვეშა გადასასვლელს მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
გიტარით და გასაშლელი სკამით,
მიდის, ჯდება ჩასასვლელთან მეტროს
და ბრუნდება სახლში გვიან ღამით,
მამა - დიდი მუსიკოსი ერთ დროს.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
უკრავს მამა და მადლს ფეხთან უყრის,
ყველა, ვინც კი წამოვა და წავა.
არის ბედის ირონია, უფრო
წამებაა - ამაყია მამა.
მამაჩემი ქუჩის მუსიკოსია...
ერიდება, მაგრამ რა ჰქნას - უჭირს
(მამას ალბათ სულ სხვა ბედი სურდა)
და პოეტ შვილს, თან მასსავით - ქუჩის,
სახლში პური მიუტანოს უნდა.
მამაჩემი დიდი მუსიკოსია...
ყოველ დილით, ნახევარზე შვიდის,
მამა დგება, უბრალოდ და კოპწიად
იმოსება და სახლიდან მიდის.


ყველაზე მეტად ის მაოცებს, რომ რაც დრო გადის...
რაც უფრო მეტად მოკლდებიან გზები და რაც რომ
რაიმე გვქონდა განსაზღვრული გარკვეულ ვადის,
თუ უვადობის სახით, რაშიც არათუ მკაცრად
ვერ ჩავატიეთ ერთმანეთი (მით უფრო - ვერც სხვა),
არამედ ისე ამოვწურეთ, რომ ბოლოს შვებით
ამოვისუნთქეთ და რაც უფრო - მით უფრო შეგვრცხვა,
რომ ასე მოხდა ჩვენს შორის და რომ ვიდრე სხვები
პირჯვარს სახავენ, ამხნევებენ ერთმანეთს ლოცვით,
სანთლებს უნთებენ, - ყველა რაღაც თადარიგს იჭერს, -
ჩვენ, ერთმანეთი გვაგონდება დროდადრო, როცა
ძალიან გვტკივა, ან როდესაც ძალიან გვიჭირს.


ისეთი მარტო ხარ - გეცინება.
ისეთი დაღლილი - მიეჩვიე.
ძალიან მარტივად - გეძინება.
ან იქნებ პირიქით - საეჭვოა.

თვალებში ჩაზრდილი გისოსიდან
ჟონავს შემოდგომის მიწურული.
აგიტანს სიცივე, მიცოცდები
რატომღაც ჯვარცმასთან... სისულელე!

ნებდები საკუთარ სისუსტეებს.
მარტო ხარ. ღმერთმაც კი მიგატოვა
და მხოლოდ წვიმების ინსულტები
ფანჯრებზე ტოვებენ ჰემატომებს.


ქუჩას მივუყვები გულდამძიმებული,
ვიღაც მიღიმის და ვიღაც მესალმება.
მე კი ჩემს გრძნობებში აწურული,
შენი უხმო ლანდი მენატრება....
ამდენ სიამაყეს რისთვის ვთამაშობდი,
ვდარდობ და დარდზე დარდი მემატება.
მაშინ რომ შენ ალერს გავურბოდი,
დღეს შენი გაბრაზებაც მენატრება...
ჰოი რა დღეები გაფრენილან
ვნანობ და ჩემი თავი მენანება,
შენი ალერსი მენატრება...
მაინც არ გეძახი ისევ ამაყი ვარ,
წლები კი რა უაზროდ მეფანტება.
ისე დავიღალე მარტოობით
შენი მონატრებაც მენატრება.


ზოგჯერ თვით შუქშიც არის წყვდიადი

გამარჯვებაშიც ჩანს დამარცხება

წარსულშიც არის რაღაც დიადი,

ის რაც წავა და მაინც დარჩება.

ო,ხელის კვრაშიც არის ალერსი,

ვიღაც სისუსტით არის ძლიერი,

უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ,

ყველაზე გონჯი და მშვენიერი,

იქნებ შენ სტირი, როცა მღერიხარ,

შენს მტერს მტრობაშიც რომ ემდურები.

იქნებ ყველაზე ბედნიერი ხარ,

უიღბლობით და უბედურებით,

იქნებ არქონით რაღაც გქონია,

იქნებ ის იწვის რაც შენ გიქრება,

იქნებ დუმილიც დიდი ომია,

ვით აჯანყება და აზვირთება,

სადღაც იმედად რაღაც თუ არის

ჭკნობა არ ნიშნავს ალბათ გაქრობას

ვინც სიყვარულზე გითხრა უარი

მან შეიძლება გითხრას თანხმობაც,

ამქვეყნად თურმე რასაც მოვიტანთ

ქარის მოტანილ ტვირთს ემსგავსება,

არარსებულის არსებობიდან

იწყება მარად ჩვენი არსება!


ფრთხილად იყავი,ქალს ნუ აატირებ,იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს!

ქალი წარმოიქმნა კაცის ნეკნისგან,არა ფეხისგან,რომ დამცირებული ყოფილიყო,

არც თავისგან,რომ აღემატებოდეს მას,არამედ გვერდისგან,რომ იყოს შენს გვერდით და შენი თანასწორი,

ხელის ქვევიდან,რომ იყოს დაცული და გულის მხრიდან,რომ იყოს საყვარელი


დე, იცი...
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი...
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი...
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
აღარ მინდა დავხუჭო თვალი,
აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,
უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი
და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.
დე,იცი...
დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ
და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას
ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს
მე...
გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
დე, იცი...
გაზაფხული მოვიდა მგონი...


ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო!
ჩემი ოთახი უცხო ხმების ტანჯვით გაივსოს,
ჩემი ოთახი ატივტივდეს ბედნიერების
ილუზიაში და მოლოდინში,
რომ გაყვითლებულ მოგონებებს ჩავკიდო ხელი
და ტირილით შევბრუნდე სულში.
ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები-
ტვინის ხვეულში ხოჭოსავით აცოცებული,
რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ
გამახსენოს ჩემი სიმხდალე-
უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ...
საუკუნეა არ უთოვია!
საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
აღარავინ აღარ ლოცულობს!



მიმზერდი როგორც გამტყდარი ფიცი,
რომელმაც ბევრი ტკივილი იცის.
შენ გეშინოდა რომ დაგცინებდი
და ამიტომაც მასწრებდი სიცილს


გემუდარები, გამიღე კარი.
სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა,
მე მოგიტანე ახლა პეშვებით,
გემუდარები, კარი გამიღე!
ასე ადვილად ვერ შევეშვები
დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს
და რწმენისა და იმედის ლოდებს
ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას.
...სისულელეა ჯიუტი ღობე
ყინულოვანი, თეთრი თითებით,
მე თუმცა მთვარის სატრფოდ ვითვლები,
მაინც მთავარი დავტოვე შენთან -
უბავშვურესი სულის მითები
და მოყვავილე სინათლე ფერთა...
და ახლა სიტყვა მომაქვს პეშვებით,
რომლითაც უნდა გადავარჩინო
შენს სულში თითქმის გახუნებული
ჩემი თითების ანაბეჭდები,
სავსე ვარ შენი დიდი სურვილით
და სურვილს იქით არ ვიხედები.

გემუდარები, კარი გამიღე.


ხომ არის ხოლმე
რაღაც ისე ჩვეულებრივი
როგორც სიმშვიდე
გაზაფხულის წვიმების პირას –
ზურგს უკან მხოლოდ
მიხურული კარის სითეთრე
ფანჯრის რაფაზე
იმედებით სავსე ქოთანი –
თუ დაივიწყებ
სამუდამოდ გეცოდინება
რომ არის რაღაც –
უმიზეზოდ შეუძლებელი.


საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს,
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი არა,
ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს,
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად,
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს!
საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო სწუხდნენ ამაზე:
ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს,
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვსდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს!!!!
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ...
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!





მე შენ მიყვარხარ, ისე კი არა
ხალხმა რო იცის,
ანდა წიგნებში როგორც სწერია,
მიყვარხარ ისე, როგორც იციან
ტყის მოჭიკჭიკე ცის ფრინველებმა.

ისე მიყვარხარ, როგორც იციან ტყის ფრინველებმა
ისე კი არა, ხალხმა რო იცის
ანდა წიგნებში როგორც სწერია.

მიყვარხარ, როგორც ღვთისმშობლის ფიცი,
შენი ცხოვრება გულის მწველია.
ისე კი არა, ხალხმა რო იცის
ანდა წიგნებში როგორც სწერია...



დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..



საღამოს, როცა ჩადგება სიცხე

და მიწა მოღლილ წამწამებს ნაბავს,

ყველა ხე თავის ენაზე იწყებს

სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.

მარად მშფოთვარე ვერხვები ბჭობენ,

სადღაც მელექსე ჭადარი ღელავს,

ნაძვი, ქალივით მომდგარი ღობეს,

ჩემს ფანჯარაზე ანიშნებს თელას.

ტირის ტირიფი. ტოტების ქნევით

მუხლმოდრეკილი ბუჩქები წუხან,

გუგუნებს ბაღი და როგორც ქვევრი

ყველას ბანს აძლევს მოხუცი მუხა.

გზის პირას, მწკრივში, ალვები დგანან

და კენწეროებს არხევენ უხმოდ,

თვალს ლულავს მიწა და როგორც ნანა

ნიავი ყველას ძილისკენ უხმობს...

საღამოს, როცა ჩადგება სიცხე

და როცა მთები იცვლიან კაბას,

მეც ჭადარივით სიმღერას ვიწყებ -

სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.



ერთიმეორეს რომ მისდევენ დინჯი წუთები,

მშვენიერებას აყვავენენ გაშლილ ვარდებად,

მაგრამ მშვენება, დროის ხელით ნასათუთები,

დროის ხელითვე იღუპება და სამარდება.

უსასრულობის გზაზე მიჰქრის დრო უშფოთველი,

ზაფხულის დღეებს ზამთრისაკენ მიერეკება,

ყინვის საფარით იფარება მკვდარი ფოთლები,

ოდესღაც მწავე ბუჩქნარები იქცნენ ეკლებად.

მაგრამ ზამთარშიც არ მოკცდება ჭრელი ზაფხული,

და ყვავილებიც იცოცხლებენ გამხმარ კონებად,

თუ შუშის კედლებს სურნელი აქვთ შემონახული,

როგორც ზაფხულის გახსენება და მოგონება.

იღუპებიან ზამთრის სუსხით ვარდის ფურცლები,

ვარდის სული კი რჩება მარად გარდაუცვლელი.

About this blog

Blog Archive